საერთაშორისო ურთიერთობები
მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ფუნქციონირებს მსგავსი ორგანიზაციები,- დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთავრებული იაპონიით. ამ ორგანიზაციების საქმიანობა განაპირობებს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, კერძო სექტორის განვითარებასა და საერთო პრობლემების წინაშე უმაღლესი სასწავლებლების კონსოლიდირებას.
ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური აქტიურად არის ჩართული მსგავსი პროფილის მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარებაში. მსგავსი კავშირურთიერთობის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საერთო პროექტების განხორციელება.
ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. სამსახური აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და ზრუნავს ალიანსში შემავალი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობაზე ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში.
ალიანსმა დაფუძნებიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეძლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენს აქტივებშია საერთაშორისო ორგანიზაციის „ტურნიტინის“ საქართველოს უნივერსიტეტებში ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია; გერმანული ფონდის SES-ის დახმარებით ჩვენი წევრი უნვერსიტეტებისთვის ვახორციელებთ ტრეინინგებს საზღვაო განათლების მიმართულებით; გავხდით ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (elfa) წევრი, რაც დამატებითი ბენეფიტების მომცემია წევრი უნივერსიტეტებისათვის სამართლის ფაკულტეტებისთვის.
ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრია, რაც ალიანსის წევრი უნივერსიტეტებისათვის შემდგომი საქმიანობის მასშტაბებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების წინაპირობაა.
ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი მუდმივად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ქართულ დიასპორებთან; აქვს ჩამოყალიბებული მყარი ურთიერთობები ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში და მისი შუამდგომლობით შედგა თანამშრომლობა ჩინეთის უმაღლესი სასწავლებლების ასოციასთან.
ალიანსის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის მიზანია უცხოურ საგანმანათლებლო სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო დონორების ნდობის მოპოვება, სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელშეწყობა; დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა ქართველი კოლეგების ჩართულობით.