ზაზა მარუაშვილმა ესტაფეტა გადააბარა
📌„ჩვენ შევძელით იდეა რეალობად გვექცია,- შეგვექმნა ანგარიშგასაწევი, კონსტრუქციული, პროფესიულად კომპეტენტური და რეიტინგული ორგანიზაცია“- ასე აჯამებს „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი ორგანიზაციის 18-თვიანი მუშაობის შედეგს. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გატარებული წელიწად-ნახევრის შემდეგ ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
✔️„კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციით“ სახელით ორგანიზაციამ ამ ხნის განმავლობაში 7 უცხოური და 10 ადგილობრივი უნივერსიტეტი მოიცვა; შეიძინა ავტორიტეტული საერთაშორისო პარტნიორები; მაქსიმალური ენთუზიაზმის, ძალების მობილიზებისა და ეფექტური მენეჯმენტის მეშვეობით მან მოკლე დროში შეძლო ნდობის მაღალი ხარისხი მოეპოვებინა და საგანმანათლებლო სივრცეში ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყო. უკვე მიღწეულის საფუძველზე, ორგანიზაცია ახლახან გამოვიდა „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ ჩარჩოებიდან და სათავე დაედო ახალ ორგანიზაციას- „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს,“ რომელიც როგორც სახელწოდებით, ისე დანიშნულებით გაცილებით ფართო შესაძლებლობებს იძლევა და ახლო მომავალში კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც მოიცავს.
✔️ ჩვენ გავესაუბრეთ ბატონ ზაზას მის პროფესიულ საქმიანობაში ახალი გამოწვევის მიღების წინ და ვთხოვეთ თავისი აზრი გამოეხატა „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ.
🎤 რატომ „ახალი ევროპა?“
✅ ტერმინი სრულიად ახალია და მისი ექსკლუზიურობა ფრიად საამაყოა;
ქვეყნებს, რომლებიც ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება, ბევრი რამ გვაქვს საერთო. გზა, რომელიც სრულყოფილებისკენ გვაქვს გასავლელი, საერთო პრობლემებითა და წინააღმდეგობებითაა აღსავსე. შესაბამისად, ურთიერთგამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების კონსოლიდაცია ამ შემთხვევაში უაღრესად აუცილებელია. ახალი ევროპა მისი განვითარების პერსპექტივებით მუდმივად არის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს, ასევე, სხვა ევროპული სტრუქტურების შესაბამისი ფონდების ყურადღების ორბიტაში და ის ფინანსური რესურსები, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროში მათი მხრიდან მიზნობრივად გამოიყოფა, არცთუ ხშირად სრულად ათვისებული არ არის.
✅ ალიანსი აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების, ანუ ე.წ. „ახალი ევროპის“ ქვეყნების უნივერსიტეტებს.
“ახალი ევროპა” ისტორიული კანონზომიერებით ღირსეულად იკავებს ადგილს „ბებერი ევროპის“ გვერდით და ყველა მიმართულებით მკვიდრდება ერთიან ევროპულ ოჯახში. ევროპულ ერთობაში ჰარმონიზების, თანასწორთა შორის თანასწორთა თვითდამკვიდრების პროცესი, მათ შორის, განათლების მიმართულებით, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ურთიერთკოოპერირების გარეშე წარმოუდგენელია. ალიანსის მიზანია ახალი ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის შექმნას აკადემიური ურთიერთსოლიდარობის სივრცე, დიალოგის პლატფორმა, ერთობლივი საგანამანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტების განხორცილების, ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვის პოლიგონი.
🎤 რას უსურვებდით ალიანსს და მის დირექტორატს?
✅მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ კონსტანტინე თოფურიას, ბატონ მამუკა თავხელიძეს, ალიანსის წევრი უნივერსიტეტების ყველა რექტორს, ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, როგორც ძველ,ისე ახალ თანამშრომლებს ნაყოფიერი საქმიანობისათვის და ვუსურვო ღირსეულად გაეგრძელებინოთ ის გზა, რომელიც „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ“ სიამაყით გაიარა.
📢📢📢„ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი“ ულოცავს ბატონ ზაზას ახალ, არანაკლებ საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპს მის პროფესიულ საქმიანობაში; უღრმეს მადლობას უხდის ნაყოფიერი, მაღალკვალიფიციური და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის!
#ახალიევროპისუნივერსიტეტებისალიანსი
ასევე ნახეთ
-
საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა წაიკითხეთ მეტი
-
„გამოცდილების გაზიარება პროფესიულ განათლებაში“ წაიკითხეთ მეტი
-
ასოციაციას კიდევ ერთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ეყოლება წაიკითხეთ მეტი