„სტუდენტები პროექტის ფარგლებში შეძლებენ რეალურ დროში პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ თბილისის ურბანულ სივრცეებზე.”

29 მაისი 2018

პროექტს „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადას“ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის გუნდთან ერთად ჯგუფი „ურბანული ექსპერიმენტები“ ახორციელებს. ოლიმპიადის მიზანი თბილისის ავტოფარეხების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრება, მათი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების სცენარების შექმნაა. როგორ აფასებენ პროექტის მიმდინარეობას და როგორ წარმოუდგენით ეზოების პრობლემის გადაჭრის გზები, გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფი  „ურბანული ექსპერიმენტების“ დამფუძნებლებთან:

 

-მოგვიყევით „ ურბანული ექსპერიმენტები”- ის შესახებ.

ჯგუფი ურბანული ექსპერიმენტები“: - ჯგუფი ურბანული ექსპერიმენტები (Urban Experiments Group) 2015 წელს სამმა არქიტექტორმა- ნუცა კანდელაკმა, შოთა საგანელიძემ და ნუცა ნადარეიშვილმა ჩამოვაყალიბეთ. მაგისტრატურის კურსი სამივემ უცხოეთში დავამთავრეთ და თბილისში დაბრუნებულებმა გადავწყვიტეთ ისეთი ჯგუფი შეგვექმნა, რომლის მეშვეობითაც ურბანულ თუ არქიტეტურულ სფეროში უცხოეთში სწავლისას და მუშაობისას მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებდით ქართველ სტუდენტებს; ურბანული ექსპერიმენტები არის მულტიდისციპლინარული ჯგუფი რომლის მთავარი მიმართულება კვლევასა და დიზაინში ეფუძნება „bottom up” (ქვევიდან ზევით) და "hands on" (უშუალოდ ხელჩართულ) მიდგომას, რაც გულისხმობს ანალიზის, კვლევისა და დაგეგმარების დროს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათი აზრებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას; პრაქტიკაში ამ სახის მიდგომა ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას არქიტეტორებს, ურბანისტებს და მოსახლეობას შორის.

-რომელ პროექტს გამოარჩევდით?

-სამ წლიანი არსებობის განმავლობაში ჯგუფმა „ურბანული ექსპერიმენტები“ განახორციელა რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი. აღსანიშნავია 2015 წელს ჩატარებული სემინარი-ვორკშოპი „სხვათა სივრცეები“ სადაც განხილული იყო ავლაბრის ფორმალური და არაფორმალური საზოგადო სივრცეები. ვორკშოპის მიზანი იყო ამ სივრცეების კვლევა, ანალიზი და მათი რეგენერაციის სცენარის განვითარება.

ქალაქის მაცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში გულგრილნი არიან საჯარო სივრცეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში, მოქალაქეების მონაწილეობა ქალაქის განვითარების პროცესში არ იყო განსაზღვრული. ყველა გადაწყვეტილება მიღებული და შესრულებული იყო მთავრობის მიერ. ამის შედეგად მოსახლეობა  გახდა გულგრილი საჯარო სივრცეების მიმართ, რადგან მათთვის ეს სივრცეები რომელიც უშუალოდ მათ არ ეკუთვნით წარმოადგენს “სხვის“ ან “არავის” სივრცეს. ვორკშოპის მიზანს წარმოადგენდა, საჯარო სივრცის მნიშვნელობის გააზრება მოსახლეობის მხრიდან და მათი დამოკიდებულების შეცვლა; ამის მიღწევა შესაძლებელია ე.წ ‘ქვევიდან ზევით’ კვლევის და დიზაინის მეთოდით, რომელიც გულისხმობს სტუდენტებსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო კოლაბორაციას, რათა მიღებული შედეგი შეესაბამებოდეს და პასუხობდეს მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს;

-რატომაა თქვენთვის „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა“ საინტერესო?

-ჩვენი ჯგუფის ერთერთი მთავარი ამოცანაა სხვადასხვა ურბანული პრობლემატიკის კვლევა, ანალიზი და განვითარების სცენარების დამუშავება, ადგილობრივი მოსახლეობის და სტუნდენტების მაქსიმალური ჩართულობით. ვფიქრობთ აღნიშნული ოლიმპიადა კარგ პლატფორმას წარმოადგენს რათა სტუდენტ-არქიტექტორებმა შესძლონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და რეალურ დროში პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ თბილისის ურბანულ სივრცეებზე. მიმდინარე ვორკშოპში მსგავსი მაგალითი უკვე გვაქვს, როდესაც ვარკეთილის ერთ-ერთ სამეზობლოში მოხდა ეზოს კეთილმოწყობა ვორკშოპში მონაწილე სტუდენტების და სამეზობლოს ჩართულობით.

-მოგვიყევით პროექტში ჩართული სტუდენტების შესახებ.

-პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტები. სტუდენტების შერჩევა მოხდა რამოდენიმე ეტაპის გავლით. რეზუმეების, სამოტივაციო წერილისა და ბოლოს, პირადი გასაუბრების საფუძველზე; შეირჩა 30 საუკეთესო კანდიდატი თავიანთი გამოცდილების, თვისებების და უნარების გათვალისწინებით;

-რას აძლევს სტუდენტებს ამ პროექტში მონაწილეობა?

-ვორკშოპის უმთავრესი მიზანია სტუდენტებისათვის განათლების დონის ამაღლება, მათთვის დიზაინისა და კვლევის იმ სპეციფიური მეთოდის გაცნობა რომელსაც დასავლეთში „Bottom up Approach” ჰქვია და მოსახლეობისა და არქიტექტორ-ურბანისტების მჭიდრო ურთიერთობაზეა დამყარებული;

ვორქშოპში მონაწილეობით, სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით და მათი აზრის გათვალისწინებით, ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას და შემდგომ მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

-მოგვიყევით პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რა ეტაპზეა და რას ელით?

-ამ ეტაპზე პროექტი უახლოვდება თავის კონცეპტუალურ დასასრულს. მაისის ბოლოს ჯგუფები შიდა პრეზენტაციაზე ხელმძღვანელებს წარუდგენენ დასრულებულ 6 პროექტს სამივე ლოკაციიდან. მოხდება პროექტების შიდა განხილვა, კრიტიკა და შეფასება. შემდგომი ეტაპი მოიცავს პროექტის 2 კვირიან დეტალური დამუშავების ფაზას, რომლის დროსაც სტუდენტები დაამუშავებენ წარსადგენ მასალებს საბოლოო პრეზენტაციისათვის;

ამასთან ერთად, ვორკშოპის მიზანია შეიქმნას ერთგვარი ‘’გზამკვლევი’’, რომელშიც მოცემული იქნება ავტოფარეხებით დაკავებული საჯარო სივრცის განვითარების სხვადასხვა პერსპექტივა; სტუდენტები შეეცდებიან სხვადასხვა სცენარით დაანახონ ადგილობრივ მოსახლეობას არსებული მოუწესრიგებელი სივრცის განვითარების პოტენციური შესაძლებლობები.

-რა არის  ეზოების / სამეზობლოების  პრობლემა და როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრის გზები?

-თემის, სამეზობლოს ერთ ერთი მთავარი პრობლემა არის მათი თვითორგანიზების დაბალი უნარი. მოსახლეობა ძირითადად პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და საჯარო სივრცის, ეზოს თუ სადარბაზოს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს. სამეზობლოს აქტივობის, თანამონაწილეობის და ჩართულობის გაზრდით ვთვლით, რომ შესაძლებელი იქნება ბევრად ეფექტური და ჯანმრთელი გარემოს ჩამოყალიბება.

ასევე ნახეთ

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

    წაიკითხეთ მეტი