სოლიდარობა #IBSU -ს

22 აგვისტო 2018

თითოეული ჩვენთაგანისთვის, ინფორმირებულობის სხვადასხვა სახით, ცნობილია შავი ზღვის უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული არასახარბიელო მოვლენების შესახებ. ამიტომ „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია“ -მ თავი ვალდებულად ჩათვალა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ხსენებული მოვლენების შესახებ.

უპირველესყოვლისა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაჟღეროთ, რომ ჩვენი პოზიცია ემყარება მხოლოდ იმ საჯარო ინფორმაციულ წყაროებს, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს ხელთ.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი. მოცემულ ჭრილში, სამართლის ერთი სუბიექტის პოზიციით (შემოსავლების სამსახურის) სამართლის მეორე სუბიექტს (შავი ზღვის უნივერსიტეტს) გააჩნია შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე; ვიმეორებთ - ეს არის სამართლის ერთი სუბიექტის, შემოსავლების სამსახურის, პოზიცია. ხოლო სამართლის მეორე სუბიექტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის პოზიცია განსვავებულია ამ საკითხთან მიმართებაში. ამიტომ, თავისი პოზიციის დასაცავად, უნივერსიტეტმა მიმართა სასამართლოს და დავა ამ ორ სუბიექტს შორის ჯერ დასრულებული არ არის; ანუ, ჯერ უცნობია, რომელი სუბიექტის პოზიცია არის მართებული და რომელის - მცდარი. მოცემულ კონტექსტში, ცენტრის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის არაობიექტურობა გამოიხატა შემდეგში: იგი მიუთითებს საგასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ, როგორც შემდგარ ფაქტზე, რაც თავის მხრივ ჰქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ავტორიზაციის საბჭოსთვის, წინასწარ არის ცნობილი, თუ რა შედეგით დასრულდება დავა სასამართლოში ორ თანაბარუფლებიან სუბიექტს შორის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციამ შეაფასა საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის უნივერსიტეტისადმი, როგორც დესტრუქციული და უნივერსიტეტზე ზიანის მიმყენებელი.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე თოფურია

ასევე ნახეთ