საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა იწყება - პროექტის შეფასება
გასულ თვეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ დადგენილების მიზანია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა. დოკუმენტის ტექსტში ასევე განმარტებულია, რომ დადგენილება მიღებულია საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.
იქედან გამომდინარე, რომ საუბარია სწავლების ხელშეწყობაზე, აღნიშნული დადგენილება, რა თქმა უნდა ითვალისწინებს დაფინანსების საკითხსაც. თავის მხრივ ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნის საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას დადგენილების ტექსტიც ადასტურებს. უფრო კონკრეტულად, დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილება დადებითად იმოქმედებს სახელმწიფო და კერძო უსდ-ებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე, შესაბამისად შემოსავლებზე. საქსტატის მონაცემებით, 2016-2017 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულბებში 8,012 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, ხოლო 2017-2018 წლებში 10,074. ამასთან, მათი უმეტესობა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის. სხვა თანაბარ პირობებში, დადგენილების მიხედვით, უცხოელი სტუდენტების უფრო მეტი მხარდაჭერა გამოიწვევს უსდ-ებში სტუდენტების რაოდენობის და შესაბამისად შემოსავლების ზრდას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციაზე. გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა, ტურისტების რაოდენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანური რესურსების შემოდინება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საშუალებას მოგვცემს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილების შესახებ საზოგადოებაში შესაძლებელია გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია მიესალმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ პროგრამა ქვეყანაში განათლების სისტემის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და ახალი შესაძლებლობების განვითარების ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც მოახდენს განათლების სისტემის მოდერნიზაციას.
ასოციაცია დიდი ყურადღებით დააკვირდება დადგენილებით გათვალისიწინებულ პროგრამის მიმდინარეობის პროცესს და შესაბამის ანალიზს სხვადასხვა პერიოდულობით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნიკა კვერნაძე
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის იურიდიული სამსაურის უფროსი
ასევე ნახეთ
-
HR ფორუმი წაიკითხეთ მეტი
-
ასოციაციის მმართველი საბჭოს II სხდომა წაიკითხეთ მეტი
-
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორდა წაიკითხეთ მეტი