რა თანხა შეაქვს კერძო უსდ-ებს სახელმწიფო ბიუჯეტში
საქართველოში 50 კერძო უმაღლესი სასწავლებელია. ისინი რეგისტრირებულნი არიან როგორც, გადასახადის გადამხდელი ორგანიზაციები. საინტერესოა, რა წილი უჭირავს უმაღლესი განათლების კერძო სექტორს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებში. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საქართველოს შემოსავლების სამსახურს მივმართეთ. უწყებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდონით, გთავაზობთ სტატისტიკის აბსოლუტურ მაჩვენებლებს და მათ მოკლე ანალიზს.
ძირითადი გადასახადები, რომლებსაც კერძო უმაღლესი სასწავლებლები იხდიან:
- ქონების გადასახადი;
- მოგების გადასახადი;
- საშემოსავლო გადასახადი;
- სხვა გადასახადები.
ჩვენ მიერ, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აბსოლუტურ რიცხვებში ეს მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გადახდილი გადასახადების საერთო მოცულობა გაზრდილია. კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გადახდილი საერთო გადასახადების მატების ტემპმა დაახლოებით 1,5 % შეადგინა.
2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა სულ 7986,8 მლნ ლარი შეადგინა. მასში უმაღლესი განათლების კერძო სექტორის წილი კი, ჩვიდმეტი მილიონ ცხრაას შვიდიათას ას სამი ლარი იყო. რაც შეეხება 2017 წელს, ჯერჯერობით ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მოიპოვება, შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ ბიუჯეტის საერთო საგადასახადო შემოსავლებში რა წილი ჰქონდა კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ გადახდილ გადასახადებს. თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი განათლების კერძო სექტორის მიერ 2017 წელს გადახდილი გადასახადების საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სურათი დაახლოებით იგივე გვექნება, მაგრამ მატების ტემპის ტენდენციით. აბსოლუტურ მაჩვენებლებში, 2017 წელს კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში თვრამეტი მილიონ ას სამოციათას სამას სამოცდაცამეტი ლარი შეიტანეს, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელს დაახლოებით, ორას ორმოცდათხუტმეტი ათასით აღემატება.
თუ გადასახადებს მისი სახეების მიხედვით განვიხილავთ, როგორც მონაცემებიდან ჩანს, უმაღლესი განათლების კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ყველაზე დიდი მოცულობა საშემოსავლო გადასახადზე მოდის. 2016 წ - 60 %, 2017წ - 80%. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით კერძო უმაღლესი სასწავლებელები, ბიზნესის სხვა სფეროებთან ერთად, გათავისუფლებულნი არიან მოგების (რეინვესტირებული მოგება) გადასახადისაგან.
განათლების კერძო სექტორი ერთის მხრივ, ქმნის მომავალ სამუშაო ძალას და ბიზნესმენებს, რომლებიც შემდგომში გადასახადების გადამხდელებად ყალიბდებიან და ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან, მეორეს მხრივ კი, საკუთარი წილი შეაქვთ ბიუჯეტში აკუმულირებული გადასახადების მოცულობასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
ავტორი: პეტრე ადამაძე, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტის ფინანსური მრჩეველი.
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან წაიკითხეთ მეტი
-
„უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლათფორმის“ პირველი ღონისძიება წაიკითხეთ მეტი
-
სამეცნიერო საბჭოს საქმიანი შეხვედრა წაიკითხეთ მეტი