კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიციატივა

18 იანვარი 2018

„განათლების მომავალი დისტანციურ სწავლებაშია“ - კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია

უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ მოდელთან დაახლოება, საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის (APU) საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი, ქვეყანაში განათლების სისტემის განვითრება, მოდერნიზაცია და ხარისხის ამაღლებაა. ამ მიზნის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებიდან დღემდე ჩართულია სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტში და ასევე მუშაობს ახალ მიმართულებებზე. 

გვსურს გაგაცნოთ კანონპროექტი, რომელიც „საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას ეხება. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად ელექტრონული სწავლებით სარგებლობის უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს აქვთ. ჩანაწერით („საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის“) ვკარგავთ ელექტრონული სწავლების ეფექტიანობას და პროდუქტულობას, რადგან ელექტრონული სწავლება თავის თავში გულისხმობს დისტანციურ ანუ გეოგრაფიული საზღვრების გარეშე განათლების მიღების საშუალებასა და შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პუნქტი გარდა იმისა, რომ  საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს, ასევე აფერხებს სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის პროცესს.

ამასთან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ამ ჩანაწერის შეუსაბამობაზე ელექტრონული სწავლების მიზნებთან. მაშინ როდესაც, ელექტრონული სწავლება არის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი და მისი მიზანია დისტანციური სწავლება ყოველგვარი ფარგლების და ტერიტორიის განსაზღვრის გარეშე, ნორმის ზემოთაღნიშნული ჩანაწერი იმთავითვე აზრს უკარგავს ამ მეთოდით სწავლების არსებობას უმაღლესი განათლების შესახებ კანონში.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ პირდაპირ მიუთითებს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, ღიაობის აუცილებლობისა და ამ პროცესის წარმართვის თავისუფლებაზე, აგრეთვე კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას. მეორეს მხრივ კი, ელექტრონული სწავლებისათვის აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ამდენად, აღნიშნული განმარტება ელექტრონული სწავლების შესახებ ავტომატურად არღვევს ამ კანონშივე არსებულ იმპერატიულ ჩანაწერს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის/ღიაობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.

დისტანციური სწავლების განვითარება ერთ-ერთ  უდიდეს გამოწვევად მიიჩნევა როგორც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, რადგან განათლების ბაზარზე ყველაზე დიდი და მზარდი მოთხოვნა სწორედ ელექტრონული სწავლების პროგრამებზეა. უფრო მეტიც, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებში განათლების სერვისების ექსპორტი მოიაზრება, დისტანციური სწავლება მის ერთ-ერთ ფორმად უნდა მივიჩნიოთ და სწავლების ელექტრონულად განხორციელების შემთხვევაში (სრული კურსი) კვალიფიკაციის მინიჭებას არ უნდა ზღუდავდეს. ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ასოციაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო და საკონსულტაციო  შეხვედრები გავმართეთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე განათლების სფეროს ადგილობრივ ექპერტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან:  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე, შესაბამისი წერილით მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ეტაპზე განათლების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა, სწორედ, ელექტრონული სწავლების პროგრამებზეა. ამდენად, მხოლოდ სამართლებრივი ხარვეზების შესახებ რომ არ ვისაუბროთ, გაუგებარია, რატომ უნდა დაკარგოს საქართველომ ათასობითა და ათი ათასობით პოტენციური სტუდენტის მიღების შესაძლებლობა, სტუდენტების, რომლებსაც უცხო ქვეყნიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური ფორმით განათლების მიღების სურვილი ექნებათ ან საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში იღებენ უმაღლეს განათლებას მაგრამ გარკვეულ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, რატომ ვუწყვეტთ მათ დისტანციურად სწავლის გაგრძელების უფლებას?!

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება და არ არღვევს ევროკავშირის დირექტივებს, შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ, საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან და ვერ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პირიქით, მისი მიღება დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაზე.

ავტორი: კერძო უმაღლესი საწავლებლების ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი - ნიკა კვერნაძე

ასევე ნახეთ

  • საიმიჯო პრეზენტაცია თბილისის ღია უნივერსიტეტში

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციას კიდევ ერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდა

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია ერთი წლისაა!

    წაიკითხეთ მეტი