ევროსასამართლომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ჩარევად ჩათვალა
მოგეხსენებათ, რომ 31 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა ღონისძიება გამართა სახელწოდებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს სასწავლებელებში“ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია გახლდათ ამ შეხვედრის თანაორგანიზატორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთის სტუდენტთა და პროფესორთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა პრიორიტეტული საქმიანობაა.
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარება, მოდერნიზაცია და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემამაში მონაცემები მოიპოვება და ინახება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის შესახებ. მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია.
უფრო კონკრეტულად ქვეყნის მასშტაბით გვყავს:
- 140 000 სტუდენტი;
- ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა კი შეადგენს 13 000-ს.
წარმოდგენილი რიცხვებით მსურს ხაზი გავუსვა აპარატის მიერ შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობასა და მასშტაბს. მოცემული რეკომენდაციების შესრულების და მათი პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში ჯამში (153 000) ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლების დაცვას შევძლებთ. დიახ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის განსაკუთრებულობა ამ რაოდენობის ადამიანის უფლების დაცვის ხელშეწყობაში მდგომარეობას.
წარმოდგენილ დოკუმენტში დასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი, მათ შორის ვიდეოთვალთვალის პრობლემატიკის შესახებ. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მათემატიკის ორი ლექტორის მიმართვის საფუძველზე აუდიტორიების ვიდეოკამერებით აღჭურვა პირად ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნიეს. სასამართლომ გაითვალისწინა წარსულში მიღებული არა ერთი გადაწყვეტილებაც, სადაც აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრების ცნება მოიცავს პროფესიული ხასიათის საქმიანობასაც, ვინაიდან ადამიანების უმეტესობას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალება სწორედ სამსახურებრივი ურთიერთობის ფარგლებში ეძლევა.
შესაბამისად, სასამართლომ სამუშაო სივრცეში დასაქმებულის მიმართ განხორციელებული ფარული თუ აშკარა ვიდეოთვალთვალი მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ჩარევად ჩათვალა, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და მონტენეგროს პროფესორების სასარგებლოდ 1000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.
ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსაქმებლებს ევალებათ დასაქმებულთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ბევრ უმაღლეს დაწესებულებაში ვიდეოთვალთვალის პრობლემატიკა მწვავედ დგას. ზოგადად, ვიდეოთვალთვალი პირის უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის, არასწრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვისთვის უნდა ხორციელდებოდეს. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალი სამუშაო ადგილას, უნივერსიტეტების შემთხვევაში კი - აუდიტორიებში, სადაც ლექციები მიმდინარეობს. ვიდეო-კამერა ისეთ ადგილას უნდა იყოს დამონტაჟებული, სადაც ამის რეალური და გონივრული საჭიროებაა.
ასევე, ძალიან მწვავედ დგას სუბიექტის ბიომეტრიული მონაცემების დაცვის საკითხი. ბიომეტრიული მონაცემია: თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, სახის მახასიათებლები და ა.შ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ თანახმად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების / ლექტორების შესვლა-გამოსვლის კონტროლი ბიომეტრიული მონაცემების მიხედვით დაუშვებელია.
სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, საქართველოში, ასეთ შემთხვევებს, ლექტორებთან მიმართებით ხშირად ვხვდებით, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების უხეში და პირდაპირი დარღვევაა.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც დოკუმეტშია მოცემული, შეეხება ინტერნეტზე დაფუძნებული საშუალებებით მონაცემების დამუშავებას - დიახ, ჩვენ ტექნოლოგიური მიღწევების ხანაში ვმოღვაწეობთ და წარმოუდგენელია ორგანიზაციების ეფექტიანი მენეჯმენტი აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. საგანმანათლებლო სისტემაშიც ამ ტიპის პროგრამები გამოიყენება ადმინისტრაციული ინფორმაციის შენახვის და შეფასებების დასაფიქსირებლად. ხშირია შემთხვევბი, როდესაც პროგრამაში ავტორიზებული უფლებამოსილი პირი ჩართულს ტოვებს აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყობას, რაც აჩენს პერსონალურ მონაცემებზე გარეშე პირის წვდომის გონივრულ რისკს. ჩვენი აზრით, პროგრამების მიმართ აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ავტომატური გამორთვის ფუნქცია (გარკვეული ინტერვალის, უმოქმედობის ვადის გასვლის შემდეგ) ეს დეტალი ზემოაღნიშნულ რისკებს ფაქტობრივად ნოლამდე დაიყვანს.
დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებული მდგომარეობის არა მხოლოდ გაუმჯობესებას, არამედ ამ უფლების მაღალი ხარისხით დაცულობას. თუმცა ვისურვებდი დაისახოს თითოეული რეკომენდაციის პრაქტიკაში განხორციელებისათვის საჭირო გეგმა - ანუ ჩამოვაყალიბოთ პასუხი კითხვაზე - როგორ დავნერგით წარმოდგენილი რეკომენდაციები პრაქტიკაში?
როდესაც ვსაუბრობთ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის შესახებ და ვამბობთ, რომ აუცილებელია ასეთი პოლიტიკის არსებობა, ვისურვებდი სახეზე გვქონდეს ამ დოკუმენტის ე.წ. შაბლონური ვერსია, ან აუციელებელი მუხლების და პუნქტების კონკრეტული ფორმულირება.
დღეს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემა სხვადასხვა საკითხის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობაა. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს უმაღლესი სასწავლებლებში მონაცემთა სუბიექტები, რომელთა უმრავლესობას მათი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მწირი ინფორმაცია გააჩნია. ჩვენ გთავაზობთ ცნობიერების ამაღლებისათვის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას. ამ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება ინტეგრირებულ ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციით გათვალისწინებული მართლზომიერი ქმედებები უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად და მას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
კიდევ ერთხელ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრებისა და გუნდის სახელით, გაწეული კვალიფიციური სამუშაოსათვის მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს, პროექტში მონაწილე თითოულ ადამიანს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ წარმოდგენილი რეკომენედაციების პრაქტიკაში დანერგვას. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის სახელით ვადასტურებ ჩვენს დაინტერესებას და მზადყოფნას ჩავრთოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში.
ასოციაცია უშუალოდ გაუწევს მონიტორინგს ამ კუთხით არსებულ პრობლემებს უნივერსიტეტებში, ამას განახორციელებს სტუდენტთა და პროფესორთა უფლებების დაცვის ცენტრის დახმარებით, რომელიც ასოციაციის ქოლგის ქვეშ მალე გაიხსნება.
ავტორი: ნიკა კვერნაძე, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
ზვიად გაბისონია სტუმრად ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსში წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა იაპონიის ელჩთან წაიკითხეთ მეტი