დრო vs ხარისხი

9 მარტი 2018

თუ საკითხს პროფესიებისა და დარგების მიხედვით განვიხილავთ გარკვეული სახის დიფერნცირება მართლაც შეიძლება მოვახდინოთ. იქნებ, ჟურნალისტიკას მართლაც არ ჭირდება ბაკალავრიატში სწავლის 4 წელი, მაგრამ ფილოლოგიას, რომელიც ჟურნალისტიკისთვისაც საბაზო უნდა იყოს, ბაკალავრიატისთვის დღემდე არსებული კრედიტების ოდენობის შემცირება ავნებს.

არსებობენ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტები, სატრენინგო ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ სერტიფიკატებს, მაგრამ შეიძლება ამგვარმა კურსებმა საუნივერსიტეტო განათლება შეცვალოს? უნივერსიტეტების სატრენინგო ცენტრებად გადაკეთებას თავისი შედეგები მოყვება. შესაძლოა ჩვენი მოქალაქეები შრომის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანნი აღმოჩნდნენ, და მით უარესი თუ ეს დღესაც ასეა. ნაცვლად მდგომარეობის გამოსწორებისა სულ უფრო მცირდება საუნივერსიტეტო განათლებისთვის განკუთვნილი დრო.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ორაზროვნად გადასროლილი ქარაგმები, რომ „ყველა უნივერსიტეტი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და ზოგიერთი ყალბი უნივერსიტეტი შეიძლება ამის წინაშე დამარცხდესო“ არა მგონია საფრთხობელად გამოდგეს. აქვე, ეს, შეიძლება, მუქარადაც იქნეს აღქმული: რომელი უნივერსიტეტიც ამ ულტიმატუმს არ შეასრულებს - დავხურავთო.

უნდა ითქვას, რომ დღემდე, უნივერსიტეტები სახელმწიფოს ეკონომიკურად აძლიერებდნენ, ბიზნესის წარმოების კუთხითაც ერთ-ერთ ძლიერ სფეროდ წარმოგვიდგებოდნენ და ცოდნის ეკონომიკის საფუძვლბადაც სწორედ ისინი გვევლინებოდნენ. პარადოქსული ის არის, რომ მთელ მსოფლიოში დღეს ცოდნაში ინვესტიციები იზრდება. ჩვენ დემოკრატიის დამახინჯებული, გაუკუღმართებული და ნეოსოვიეტიკური იდეოლოგიით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ფარატინა ქაღალდად ვაქციეთ. სტატისტები ითვლიან, და აღნიშნავენ, რომ:

  • ცოდნის 90% უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში შეიქმნაო.
  • მთელი ცივილიზაციის მანძილზე მომზადებული სწავლულებისა და ინჟინრების 90% ჩვენი თანამედროვეები არიანო.

ჩვენ კი - ცოდნის ეკონომიკაზე ორიენტირებულ თანადროულობაში, ცოდნის შექმნის ცენტრებს, სკოლებს ვასუსტებთ. ნაცვლად იმისა, რომ უნივერსიტეტები ცოდნის ეკონომიკის შემქმნელ ძლიერ, პოსტინდუსტრიულ ლებორატორიებად და ტრესტებად ვაქციოთ, ეკონომიკური აღმავლობა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების წარმოება დავუსახოთ მიზნად - სრულიად საპირისპიროს ვაკეთებთ. 

შარშან ქართველი მოსწავლეების მიერ დამეწყვრის საფრთხის თავიდან აცილებისთვის განკუთხვნილმა მოწყობილობამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვა, აშშ-ის ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტოს (NASA) ყურადღება მიიპყრო. მოსწავლეების გამოგონება მეწყრის შესახებ წინასწარ იტყობინება / აფრთხილებს.

შარშანწინ, ასევე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრს სტუმრობდნენ. ბიჭებმა მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის ინოვაციური ტექნოლოგიით გაზრდა შეძლეს.

უფრო ადრე 2014 წელს, ტაივანში გამართულ ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2014) საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ამ ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრებ გუნდებს ჯამში მოპოვებული აქვთ 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი.

რას ვაძლევთ ჩვენ სწავლისა და გამოგონების სურვილით ატანილ ახალგაზრდებს? იდეოლოგიურ ფანატიზმს?

საგანგაშო ის კი არაა, რომ „ზოგიერთ უმაღლესში ისწავლება საგნები, რომლებიც მსოფლიოს არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება“, არამედ ის, რომ ეს საგნები არ შეესაბამება არც ჩვენი კულტურის, არც საერთაშოროსო გამოწვევების და არც ეკონომიკური განვითარების საჭიროებებს.

ექსტერნის წესით, გამოცდების ჩაბარების გზით რომ ბაკალავრიატის დამთავრება შესაძლებელი უნდა იყოს აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ თავად ბერძენ მითოგრაფოსებსაც გააკვირვებდა ისეთი უაზრობა, რომ თურმე ბაკალავრიატის დამთავრებისთვის საჭირო ყველა გამოცდის ჩაბარება ადამიანს ერთ დღეში შეუძლია.

ბოლონიის პროცესის უპირატესობები აშკარაა, ესენია: დიპლომების აღიარება, სტუდენტებისა და მასწავლებელების გაცვალა, გამოცდილების გაზიარება და სხვ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დედამიწაზე არსებობენ უნივერსიტეტები, რომლებიც არ უერთდებიან ბოლონიის პროცესს. მათ შორის ამერიკის უნივერსიტეტები. ისინი არ შეერთებიან ამ პროცესს რისი მიზეზიც ამერიკისა და ევროპული საგანმანათლებლო სისტემების ურთიერთაღიარების ტრანსკრიპტებია (ECTS / ინგლ. credits). ამერიკული შეფასების სისტემა იცნობს GPA (grade point average), QPA (Quality Performance Assessment), ACT (American College Test), SAT (Scholastic Assessment Test) და Honors. ეს კი შეუსაბამოა ბოლონიის კრედიტების სისტემასთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საგანგაშოდ იზრდება ზოგადი / მთლიანი ცოდნის ფრაგმენტაციის წილი.

გერმანიის ბევრი უნივერსიტეტი, განსაკუთრებით იურიდიული პროფილისა - არ შეერთებია ბოლონიის პროცესს. ამ უკანასკნელთა თქმით საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი სკოლები აკადემიურ ავანტიურას არ უნდა ეწირებოდნენო.

სასწავლო კრედიტების შემცირება საუნივერსიტეტო სკოლების ჩამოყალიბებას ხელს არ შეუწყობს.

ზემოთ თქმულის შესაჯამებლად ვიტყვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირების ცვლილება უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარების შესაძლებლობის შანსებს.

ავტორი: ზვიად მიმინოშვილი

ასევე ნახეთ

  • პროექტი - "საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ" დასრულდა

    წაიკითხეთ მეტი
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების ევროპულ ცენტრთან

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციას კიდევ ერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდა

    წაიკითხეთ მეტი