
„ჩემი პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია"
საქართველოში, და არა მხოლოდ, ადამიანი, მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს. საერთაშორისო უფლებადაცვით დოკუმენტებში ხაზგასმულია - ინფორმაციის კონფიდენციალობის, კერძოდ კი - სუბიექტის პერსონალური მონაცემებისა და მათი დაცვის პრიორიტეტულობა.
ხშირად, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში: იქნება ეს სამსახური, ბაგა-ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი თუ კოლეჯები მონაცემთა დამუშავების და გაცემის დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს ვხვდებით. ... დარღვევების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვან ინსტიტუციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი წარმოადგენს, რომელმაც არაკანონიერი, არალეგიტიმური და არამიზანშეწონილი ქმედებები მაქსიმალურად უნდა შეამციროს.
ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ჩემი პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იქ სადაც ადმინისტრაცია ჩემს პირად მონაცემებს ხედავს, ლექტორი საგამოცდო ნაშრომებს ასწორებს, პროფესორები ყოველდღიურად მაფასებენ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი, თუ რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს ლექტორი სტუდენტზე, და როგორ უნდა მიაწოდოს ადმინისტრაციამ მას ეს ინფორმაცია.
ასევე, აუცილებელია მშობლისთვის სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინფორმაციის მიწოდებაც როგორღაც გავითვალისწინოთ, რისთვისაც, პირველ რიგში, თავად სუბიექტის თანხმობა არის აუცილებლი. უნდა შევნიშნოთ, რომ ბევრი არასამართლებრივი ქმედება, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებში მხოლოდ სტუდენტები არ არიან, აქ თავს იყრიან აკადემიური შემადგენლობა და ადმინისტრაციის თანამშრომლები - თავიანთი პერსონალური მონაცემებით. უნივერსიტეტის საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რას ნიშნავს: პერსონალურ მონაცემებზე სუბიექტის თანხმობა? ვინ არის პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი და როგორ ამუშავებს იგი სუბიექტის მონაცემებს? მიმდინარეობს თუ არა დამუშავება კანონიერად და რამდენად ლეგიტიმურია მიზანი? რამდენად სამართლიანია სტუდენტის ინფორმაციის საჯაროობა ლექტორისთვის და რა შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით? აუცილებელია თუ არა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტის მონაცემები ბაზიდან წაიშალოს და რა ვადაში?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს ყველა ამ კითხვაზე პასუხი გააჩნია. მის მიერ შემუშავებულია რეკომენდაცია: „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის და სწორი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას.
ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ რეკომენდაციის მასობრივი გავრცელება და კონკრეტულად მოწოდებული სამართლებრივი ქმედებების თითოეულ დაწესებულებაში განხორციელება.
როდესაც სტუდენტის ან ლექტორის მონაცემები მუშავდება, თავდაპირველად, აუცილებელია სუბიექტის თანხმობას მივაღწიოთ. ზოგადად, კონკრეტული მონაცემის დამუშავება კანონიერად უნდა წარიმართოს. დამმუშავებელმა, კანონის და სუბიექტის წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინოს. სტუდენტი იქნება თუ ლექტორი მისი მონაცემების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ასეთია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თანმიმდევრობა და მათი გასაჯაროებისადმი სამართლებრივი მიდგომა.
მე - სტუდენტი ვფიქრობ, რომ: ბევრ უმაღლეს დაწესებულებაში ვიოდეოთვალთვალის პრობლემატიკა მწვავედ დგას. ზოგადად, ვიდეოთვალთვალი პირის უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის, არასწრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვისთვის უნდა ხორციელდებოდეს. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალი სამუშაო ადგილას, უნივერსიტეტების შემთხვევაში კი - აუდიტორიებში, სადაც ლექციები მიმდინარეობს. უმაღლეს სასწავლებლებში ვიდეო-კამერა ისეთ ადგილას უნდა იყოს დაყენებული, სადაც ამის საჭიროებაა: დერეფნები, კიბის უჯრედები, საწყობები. ამ უკანასკნელში, რათა: დავიცვათ უძრავი ქონება, ზოგადად კი მატერიალური რესურსებისა და ინვენტარის დასაცავად. უმაღლეს სასწავლებელში რეკომენდებულია სტუდენტების დაკვირვება, მაგრამ აუდიტორიებში, სასწავლო პროცესის კონტროლის მიზნით, ვიდეოთვალთვალი - დაუშვებელია, ამის შესახებ სტუდენტების და ლექტორების შესაბამისი გაფრთხილების მიუხედავადაც კი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მიერ შემუშავებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ რეკომენდაციით გათვალისწინებული მართლზომიერი ქმედებები უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად და მას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
ასევე, ძალიან მწვავედ დგას სუბიექტის ბიომეტრიული მონაცემების დაცვის საკითხი. ბიომეტრიული მონაცემია: თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, სახის მახასიათებლები და ასე შემდეგ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ თანახმად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების / ლექტორების შესვლა-გამოსვლის კონტროლი ბიომეტრიული მონაცემების მიხედვით დაუშვებელია (!). სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, საქართველოში, ასეთ შემთხვევებს, ლექტორებთან მიმართებაში ხშირად ვხვდებით, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს ნამდვილად არღვევს . აუცილებელია, რომ ლექტორებმა საკუთარ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სურვილი თავადვე გამოთქვან, წამოჭრან ეს საკითხი, რათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა მათი უფლებები და მონაცემები დაიცვას.
საბოლოოდ კი - შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტების და ლექტორების ცნოებიერების ამაღლება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე, რათა არ მოხდეს მათი მონაცემების უკანონო დამუშავება.
ავტორი: ელენე დოხნაძე - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის IV კურსის სტუდენტი.
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა IBSU-ს რექტორთან წაიკითხეთ მეტი
-
პროექტი „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა წაიკითხეთ მეტი