ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივა განათლების სამინისტროსა და დარგის წარმომადგენლებს
,,განათლების დარგის მესვეურების საყურადღებოდ!
უკანასკნელ დროს მომხდარმა ტრაგედიებმა შეძრა ყოველი ჩვენგანი. კოლეგებო, მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ეს შემოთავაზება.
გამოვაცხადოთ კონკურსი კლასის ხელმძღვანელის (ტუტორის) პოზიციაზე. შევარჩიოთ ნიჭიერი, ენერგიული, ახალგაზრდა კანდიდატურები, როგორც სკოლიდან, ასევე სკოლის გარედან. ჩავატაროთ მათთვის მოკლევადიანი, მიზნობრივი კურსები/ტრენინგები მასწავლებლის სახლის ბაზაზე და ვინც წარმატებით გაივლის პროგრამას, დავასაქმოთ კლასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სრული განაკვეთით. ასეთ პოზიციაზე დასაქმებულთათვის მოვიძიოთ დაფინანსება, განვსაზღვროთ გონივრული ხელფასი. კლასის ხელმძღვანელს მივცეთ საშუალება, რომ მხოლოდ მისსავე სადამრიგებლო კლასში, დამატებით ჰქონდეს საგაკვეთილო დატვირთვის შესაძლებლობა, ბუნებრივია, თუ მას ამის სურვილი ექნება. საწყის ეტაპზე პროექტი შეიძლება განვახორციელოთ ერთი ან რამდენიმე ქალაქის ზოგადსაგანამანთლებლო სკოლების X-XII კლასებში (როგორც საპილოტე პროგრამა). ეს პრაქტიკა, საბედნიეროდ, ქართულ საგანამანათლებლო სივრცეში არსებობდა, დღესაც არსებობს კერძო სექტორში და ძალიან ეფექტურია.
რა თანამდებობრივი უფლებები შეიძლება განისაზღვროს ამ პოზიციაზე დასაქმებულისათვის?
კლასის ხელმძღვანელი საგანმანათლებლო და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებებით შესაძლოა ასრულებდეს: ლიდერის, აღმზრდელის, ინდივიდუალური სასწავლო/სააღმზრდელო პროგრამების მეგზურის როლს. მისი კომპეტენციები უნდა იყოს: მოსწავლეთა ურთიერთობისა და საქმიანობის კოორდინაცია; სასწავლო დაწესებულების ყველა აქტორთან ახალგაზრდის საუკეთესო ინტერესების დაცვა და რეალიზება, მედიაცია; კონფლიქტური სიტუაციის მართვა; წარმატებული სწავლის ოპტიმალური პირობების შექმნა; მოსწავლეში ლიდერის უნარების განვითარება; მოზარდის სწავლების პროცესის მონიტორინგი; მისი განვითარების გზის დაკვირვება და პროგრესის დიაგნოზირება; შესაბამისი კონსულტაციები დამატებითი სამუშაოების დაგეგმვაზე; მშობლებთან კონსულტაციები; წარმატების წახალისება და სოციალური საქმიანობის დაგეგმვა; სულიერი და მორალური, პატრიოტული და ესთეტიკური აღზრდა; ბიბლიოთეკების, მუზეუმების, „ჩვენი დროის გმირების“ და სხვა რესურსების საგანმანათლებლო საქმიანობაში ეფექტიანი გამოყენება.
კლასის ხელმძღვანელი შეიძლება: დაეხმაროს მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში, ღირებულებების ფორმირებასა და ორიენტირებაში; ჩაერთოს ცალკეული პროექტების განხორციელებაში, მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, საერთო ინტერესების მიხედვით ხანმოკლე და ხანგრძლივი ვადის მიზნობრივ-თემატურ ჯგუფებში; ესწრებოდეს საერთო საკლასო მეცადინეობებს; ეძებდეს დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს მოსწავლის სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის“- ნათქვამია ინიციატივაში.
ასევე ნახეთ
-
ქართველოლოგთა ცენტრი ბუქარესტის უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა იწყება - პროექტის შეფასება წაიკითხეთ მეტი
-
Easter Partnership | Promoting Common Values Through Education and Culture წაიკითხეთ მეტი